გალის რაიონიდან გუშინ 9 წლის ბიჭი გაიტაცეს

გალის რაიონიდან გუშინ 9 წლის ბიჭი გაიტაცეს

გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან წუხელ 9 წლის ბექა ჭაავა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამეგრელოსა და ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ გაავრცელა.

კილანავას განცხადებით, გატაცების დროს ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა. მისი თქმით, ამ დროს ოჯახში შევიდა ხუთი შეიარაღებული ნიღბიანი პირი და ბავშვი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„კონფლიქტის 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ ამგვარი ფაქტი არასოდეს მომხდარა, რომ ბავშვის სიცოცხლეს დამუქრებოდნენ. როგორც ჩანს, არსებული მდგომარეობა უკვე საშიშ სახეს იღებს. გამტაცებლები ოჯახს ამ დრომდე არ დაკავშირებიან და, შესაბამისად, ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელზე ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა თორნიკე კილანავამ.

მისივე განმარტებით, მომხდარზე უკვე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა მათ დროული რეაგირება მოახდინონ და ხელი შეუწყონ ამგვარი ფაქტების თავიდან აცილებას.