კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა როგორც მოსალოდნელი იყო, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანია კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს.
„ჩვენ გვყავს საამაყო შვილი, რომლითაც მთელი საქართველო ამაყობს და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ის კაცია, რომელიც 18 წლის მამასთან ერთად იბრძოდა სოხუმში საქართველოს მთლიანობის აღსადგენად და რომლის მამაც შეეწირა საქართველოს ერთიანობას. ეს ის კაცია, რომელმაც საკუთარი ამბიციები გადადო 2006 წელს და ჩვენს ძმებს შორის ურთიერთობის აღდგენისა და გაერთიანების რეალური შანსები გააჩინა. ირაკლის იქ ყოფნის დროს დაიწყო აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის ეტაპები. თუმცა, ისევ ერთი კაცის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად ახალ ფოკუსი ჩაატარა ხელისუფლებამ და ყველაფერი დაუნგრია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, ალასანიამ თავმდაბლობა გამოიჩინა, როცა ზუგდიდში ჩასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ადგილობრივ მოსახლეობას გვერდში დაუდგა. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ სხვა კანდიდატს არ მიუღია და აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიას ზუგდიდში გამარჯვება ყველაზე დიდი მუხტი იქნება ქვეყნისთვის.
„სწორდ აქ ხდება ყველაზე მწავედ ის, რასაც მთელი საქართველო განიცდის. ის ასეთ რეგიონში წამოვიდა. მოეფერეთ და დაუჯერეთ მას. ის აუცილებლად წაგიყვანთ სამშვიდობოზე. ჩვენ ერთად გაძლევთ იმის გარანტიას, რომ საქართველოში დავაბრუნებთ ღირსებას. ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზ და ოს ძმებს და დავაბრუნებთ საქართველოდან გადახვეწილ ქართველებს“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ბიძინა ივანიშვილმა ალასანიას პიროვნულ თვისებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა ის ღირსება, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს ამ კაცშია თავმოყრილი. მისი თქმით, ალასანიას აქვს სწორად ნაცხოვრები და აქვს სუფთა ბიოგრაფია.
„მეგრელ ხალხს არ შერცხვება თუ მას დაუდგება გვერდით. რადგან მათ ჰყავთ ძალიან საამაყო კანდიდატი. ბევრი შემიძლია მასზე ვისაუბრო, როგორი გონიერი და უშიშარია. ეს ყველაფერი კი იმის აბსოლუტურ რეალურ საფუძველს მაძლევს, რომ ვენდო. ის თავისუფლად შეძლებს ქვეყნის მმართველობასაც. სწორედ ასეთმა კაცმა უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ასეთ ასაკში მას ისეთი გამოცდილება აქვს, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებისა და ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებისთვის არის საჭირო.
ირაკლი ალასანიამ ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ზუგდიდელები იმსახურებენ იმას, რომ ჯანდაცვაც და უმუშევრობაც რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაძლეული და რომ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი შრომით საკუთარი ოჯახების რჩენა.
ალასანიას განცხადებით ამ ყველაფერს გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება და აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერისა და დგომის ყველაზე დიდი უნარი სწორედ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია.
„მას ათასობით სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი. დღეს ქვეყანას სწორედ ის პრობლემა აქვს, რომ შრომისუნარიანი ადამიანები და ისინი ვისაც შეუძლიათ შექმნან სიკეთე, გარბიან ამ რეგიონიდან და მთელი საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც. ამიტომ მე გაძლევთ გარანტიას, რომ ის რაც ჩვენი კოალიცია ქართველ ხალხს დაპირდა, შესრულდება და ეს გამარჯვება ყველაზე ხელშესახები და რეალური ზუგდიდში იქნება“, - განაცხადა ალასანიამ.