პარტია “ჩვენი ქვეყნამ” განცხადება გაავრცელა, სადაც იგი პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არც “ქართულ ოცნებაში” არიან და არც “ნაციონალურ მოძრაობაში”, გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“არც ერთია ბაგრატიონი და არც მეორე ბაღვაში. საქართველოს “ტახტი” მათ მემკვიდრეობით არ რგებიათ. ჩვენი ქვეყნის ბედი, მისი მომავალი მარტო მათი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის. ივანიშვილის მხარეს ბევრი ფული და რევანშს მოწყურებული გუნდი დგას. სააკაშვილის მხარეს კი არანაკლები ფინანსები და ადმინისტრაციული რესურსია, რომლის მეშვეობითაც საკუთარ სავარძლებს გააფთრებით იცავენ. არსებობს მესამე ძალაც, რომელსაც არც ბევრი ფული აქვს და არც ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის აღორძინების დიდი სურვილი ამოძრავებს, რისთვისაც მას გააჩნია როგორც დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, ასევე სათანადო პრაქტიკული გამოცდილება. ეს მესამე ძალა არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არც “ქართულ ოცნებაში” არიან გაერთიანებული და არც “ნაცების” დაკრულზე ცეკვავენ. მათ უმეტესობას გააჩნია საკუთარი ხედვა საქართველოს დღევანდელი რთული, დუხჭირი მდგომარეობიდან გამოყვანისა.
მესამე ძალა ანგარიშგასაწევი ძალაა, მოსწონს ეს ზოგიერთებს თუ არა. მათი გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა დღეს გაბატონებულ იდილიურ დიხიტომიაში: ან “ქართული ოცნება” ან “ნაციონალები” სერიოზულ დისონანს შეიტანს. ვერა ბატონებო, ბურთს და მოედანს ასე ადვილად აღარ დავთმობთ. მითუმეტეს, რომ ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება და სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ასეთი პოლარიზება კარგის მომტანი ნამდვილად არ არის, რისი მწარე გამოცდილებაც უახლოეს წარსულში არაერთხელ გვქონია. ამიტომ ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, რომელიც არც “ქართულ ოცნებაშია” და არც ხელისუფლებასთან, გავერთიანდეთ და საერთო ძალისხმევით იქნებ არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება შევძლოთ”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.