საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებაში პრობლემებია, მათ შორის ვლადიმერ პუტინს სერიოზული ელექტორალური პრობლემები აქვს.
from.ge–სთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოს განვითარება მნიშვნელოვანი კითხვის ქვეშ არის.
„როდესაც ქვეყანაში არის ჟირინოვსკი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ყველზე უფრო აგრესიულ და ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს, რომ რუსმა ჯარისკაცმა თავის ჩექმები ინდოეთის ოკეანეში უნდა გარეცხოს და მსგავსი ფიგურები სერიოზულ წარმატებას აღწევენ, იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში დიდია ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომელსაც მოსწონს თუ როგორი იყო ადრე რუსეთი. მათ უნდათ იმპერიის რეანიმაცია, თუნდაც საბჭოთა კავშირი იყოს. დიდი გავლენის სფეროები და მსოფლიო იმპერია – ეს არის რუსეთის გარკვეული ნაწილის ოცნება“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე თქმით, პუტინი დემოკრატიაზე არ დგას, რუსეთში პუტინს ხმას არავინ აძლევს იმიტომ რომ დემოკრატიული რეფორმები განახორციელა, პირიქით, საპროტესტო ტალღის მიზეზი ის არის, რომ რუსეთში დემოკრატიული განვითარება არ არის.
„პუტინის ძირითადი ავტორიტეტი და ამ ავტორიტეტის სტაბილურობა გამოწვეულია ამით, რომ მასში ხედავენ ლიდერს, რომელიც რუსეთის „ძველი დიდების“ რენიმაციას მოახერხებს. ამას ელიან პუტინისგან და არა სხვა ნაბიჯებს“, – აღნიშნა წიკლაურმა.