კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების” მხარდამჭერთა ჯგუფმა საბერძნეთიდან “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე, სალომე ზურაბიშვილის საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადების ტექსტს From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ქ-ნ სალომე გეთანხმებით, სიმართლე უნდა ითქვას.
ჩვენ ვართ ენთუზიასტების ჯგუფი, რომლებმაც 6 თვის წინ დავიწყეთ ჩვენი მოძრაობა და არც თუ ისეთ ცუდ შედეგს მივაღწიეთ. დღეს (თუ ნახავთ “ქართული ოცნების” საიტის მონაცემებს) მარტო საბერძნეთიდან მოხალისედ გაწევრიანებულია 21000 მოქალაქეზე მეტი და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტიურად ათენი და დიდი ქალაქები უკვე მეორე თვეა, დაცარიელებულია. იგივე შედეგი აქვთ სხვა ქვეყნებშიც ჩვენს თანამებრძოლეებს (რა თქმა უნდა, ქვეყანაში ემიგრაციის რაოდენობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით).
სამწუხაროა, მაგრამ ბევრმა ემიგრანტმა დღემდე არ იცოდა, რომ აუცილებელი იყო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა. ამის შესახებ მათ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კამპანიის შედეგად გაიგეს. ამაში აქ მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. დღეს რეგისტრირებულთა რიცხვი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაორმაგებულია და კიდევ იმატებს. ქ-ნ სალომე, თქვენ, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, კარგად იცით, რომ არ შეიძლება, განაზოგადოთ ზოგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მთელ ემიგრაციაზე, რადგან ჩვენი პრობლემების მიზეზები ქვეყნიდან ქვეყნამდე იცვლება და ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ბელგიის ემიგრაციის პრობლემები სხვა ქვეყნებზეც განაზოგადოთ. ასევე ვერ დაგეთანხმებით, რომ არაფერი კეთდება ემიგრაციაში “ქართული ოცნების” ირგვლივ კონსოლიდირების საკითხში. ამისათვის გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენი ფეისბუკის გვერდს – http://www.facebook.com/GeorgianDreamGreece.
საინტერესოა, რას ემსახურებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შეატნილი ცვლილებები, ან გართულებული ონლაინ რეგისტრაცია, ან ორშაბათს დანიშნული არჩევნები? ეს იყო ემიგრანტების აქტიურობით შეშინებული ხელისუფლების რეაქცია, რითაც ემიგრანტების არჩევნებიდან ჩამოშორება სცადეს. სამწუხაროა, მაგრამ ნებსით თუ უნებლიედ, მსგავსი ეფექტი ჰქონდა თქვენს განცხადებასაც, რამაც ზოგიერთ ადამიანში მიმდინარე პროცესების მიმართ იმედგაცრუება გამოიწვია და ემიგრანტებში ერთმანეთთან დაპირისპირების საფრთხე გააჩინა. საოცარია, მაგრამ ხელისუფლების იმ ქმედებებს საბედნიეროდ, საბერძნეთის დიასპორაში, საპირისპირო რეაქცია მოჰყვა. რომ იცოდეთ, ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა ემიგრანტებს და ის ხალხიც კი, ვინც მანამადე ორჭოფობდა, წასულიყო თუ არა არჩევნებზე, დღეს უკვე მზად არიან, წინა რიგებში ჩასადგომად, ზუსტად იმიტომ, რომ დაინახეს, როგორ ებრძვის ხელისუფლება საკუთარ ხალხს ქვეყნის შიგნით და გარეთ. სწორედ ახლა დავრწმუნდით, რომ ქართველი ხალხის შეშინება შეუძლებელია, ხალხი აქ ვაჟკაცობისა და დაუღალავი ბრძოლის საოცარ მაგალითს აძლევს ერთმანეთს. დარწმუნებული ვართ და ზუსტად ვიცით, რომ სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. გრანდიოზული სამუშაო ჩაატარა ამ ხალხმა და უამრავ ემიგრანტს შეუწყეს ხელი, არამარტო საკონსულო რეგისტრაციაში, არამედ მათი უფლებების დაცვაში, განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა. არც მათი სამუშაოს წყალში ჩაყრა იქნება კარგი თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებებით.
ჩვენ საბეძნეთში უკვე დიდი ხანია, ვცხოვრობთ და სიმართლე გითხრათ, თქვენი მინისტრობის პერიოდშიც, თქვენი ყოფილი უწყება არანაირ ყურადღებას არ გვაქცევდა. სამწუხაროა, მაგრამ თქვენი მინისტრობის პოლიტიკა ბევრად არ განსხვავდება ახლანდელი სამინისტროს პოლიტიკისგან.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსი და ვერც ერთი საზოგადო მოღვაწე ვერ მოგვცემდა ისეთ სტიმულს რაც მოგვცა ბ-ნ ბიძინამ თავის საჯარო გამოსვლებით თბილისსა და რეგიონებში. ჩვენ დავინახეთ, რომ მას და მის ძალას კარგად ესმის ჩვენი პრობლემები და ზუსტად იციან, რის გამო აღმოვჩნდით ჩვენი სამშობლოდან მოწყვეტილი. ზუსტად იცის “ქართულმა ოცნებამ”, რომ ჩვენ უსამართლობას და უყურადღებობას გამოვექეცით და ზუსტად იმისთვის იბრძვიან, რომ სამშობლოში შევძლოთ ღირსეულად ცხოვრება. რაც შეეხება ემიგრაციაში არსებულ პრობლემებს, გეთანხმებით, მიხეილ სააკაშვილმა თავის საგარეო საქმეთა მინისტრებით და ელჩებით ყველაფერი სცადა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები ჩამოეშორებინა საქრთველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან და ძალიან გთხოვთ, თქვენი განცხადებებით ნუ მიეხმარებით მათ.
ქალბატონო სალომე, ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენი აქტივობა ეს უბრალოდ დროშების ფრიალია. მოდით დაფიქრდით, ამ განცხადების შემდეგ, რას იფიქრებს ის 73 წლის ქალბატონი, რომელიც ამ “დროშების, უაზრო” ფრიალისათვის სამსახურიდან მოდის და კარგავს იმ დღის 30 ევროს, ან რას იფიქრებს ის შვილმკვდარი დედა, რომელიც ამ “დროშების უაზრო ფრიალისათვის” ერთადერთ დასვენების დღეს შვილის საფლავის მაგივრად, ჩვენს აქციებზე მოდის, იმის იმედით, რომ მისთვისაც ახდება ოცნება და თავისი შვილის ცხედართან ერთად საქართველოში დაბრუნდება. დროშების ფრიალის გარდა, აქ ხალხი სერიოზულად არის განწყობილლი, ემზადება არჩევნებისთვის და გამარჯვებისთვის”
განცხადებას ნინო ბაჯელიძე, კახა ნეფარიძე, იაგო უჯმაჯურიძე და მერაბ სიამაშვილი აწერენ ხელს.