დღეს „ქართული აქციის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს დიპლომატიურ კორპუსთან, სადამკვირვებლო მისიებთან და საქართველოში აქტიურად მოღვაწე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის სოზარ სუბარი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დასავლეთის ზეწოლა რომ არ იყოს, ჩვენთან ასადის და კადაფის რეჟიმი მონაგონი იქნებოდა და სწორედ დასავლეთის რეაქციის გამოა, რომ მეტნაკლებად ვახერხებთ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.
რა სახის დოკუმენტაცია გადაეცით დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს?
-ჩვენ მთელი დოკუმენტაცია გადავეცით მათ, რომელიც ასახავს ყველა იმ დარღვევას, რაც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში მოხდა. სააკაშვილმა დიდგორობაზე ღიად განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს არის არა არჩევნები, არამედ ომი. მან მერამდენედ გამოუცხადა ომი საკუთარ ხალხს.
გადავეცით ფაქტები ჩვენი კოალიციის წევრებზე პოლიტიკური თუ ფიზიკური დევნის, ქვების სროლის, რომლებშიც სახელისუფლო და სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩისნოსნები მონაწილეობენ. გადავეცით უკანონო დაჯარიმებების ფაქტები, აგრეთვე ფაქტები სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ერთის სიტყვით, ყველაფერი ის, რაც წინასაარჩევნო პროცესის ჩატარების საშუალებას არ იძლევა. ჩვენ მივიწევთ არჩევნებისკენ, სააკაშვილი ცდილობს არ მიგვიშვას. ჩვენს გვსურს მშვიდობიანი, ცივილიზებული არჩევნების ჩატარება, სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს არის არა არჩევნები, არამედ ომი.
თქვენს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის შემდეგ, დასავლეთი მოახდენს რეაგირებას და მისი რეაგირების შემთხვევაში, სააკაშვილის ხელისუფლება გაითვალისწინებს დასავლეთის აზრს?
-დასავლეთის ზეწოლა რომ არ იყოს, მე და თქვენ ამ წუთას არ ვილაპარაკებდით, კაცმა არ იცის რომელ ციხეში ვიჯდებოდით, ან ცოცხლები ვიქნებოდით თუ არა საერთოდ, კადაფისა და ასადის რეჟიმი მონაგონი იქნებოდა. ჩვენ დასავლეთის რეაქციის გამოა, რომ ვარსებობთ, სწორედ ამ ზეწოლის გამო ვახერხებთ, რომ მეტნაკლებად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. მართალია, ქვებს გვესვრიან, მაგრამ თოფის სროლაზე ჯერჯერობით არ გადმოსულან. ამის გამოა, რომ ხელისუფლებას უკან დახევა უწევს. სრულიად უკანონოდ დააყადაღეს ანტენები და შეზღუდეს მისი გავრცელება, მაგრამ დასავლეთის ზეწოლის გამო, „მასტ ქერი“ ჩაანაცვლეს. ასე რომ, ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა.
მართალია, ჩვენ გვინდა, რომ დასავლეთის რეაგირება უფრო სწრაფი და ადეკვატური იყოს, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობებს თავისი ლოგიკა აქვს, მაგრამ აქ კიდევ ერთი ფაქტორია. მე ყოველთვის ვამბობ, ანტენების ამბავი ბელორუსში, რომ მომხდარიყო, ყველა იტყოდა, რომ ეს არის დიქტატორ ლუკაშენკოს ბრძოლა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საქართველოში იმის გამო, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დემოკრატიის ფორპოსტად მიიჩნეოდა აღმოსავლეთში, ასეთი განცხადებების გაკეთებისგან დასავლეთი ჯერ კიდევ თავს იკავებს.
დასავლეთი საკუთარ შეცდომას არ აღიარებს?
-როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთშიც და ქართულ საზოგადოებაშიც, მოლოდინი იყო იმის, რომ აქ დემოკრატიული საზოგადოება შენდებოდა, ადვილი არ არის პოლიტიკა შეცვალო. ამას უბრალოდ, დრო სჭირდება.