დავით საგანელიძე: ხელისუფლების ბერკეტს დღეს ტყუილი და პოლიცია წარმოადგენს

დავით საგანელიძე: ხელისუფლების ბერკეტს დღეს ტყუილი და პოლიცია წარმოადგენს

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, კოალიციას წინასაარჩევნო ბრძოლა აბსოლუტურად არათანაბარ გარემოში უწევს. ამის შესახებ მან დღეს „ქართული ოცნების“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან საშინელი სიცრუეა იმის მტკიცება, რომ თურმე კოალიციის წარმომადგენლები კანონებს არღვევენ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

„ხელისუფლების ბერკეტს დღეს ტყუილი, პოლიცია და პოლიციური სტრუქტურის მქონე უწყება წარმოადგენს, რომელსაც კონტროლის პალატა ქვია. თუმცა საბოლოო ჯამში, ძლიერი ხალხის მხარდაჭერა იქნება, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ", - განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება მის კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას, საგანელიძის განმარტებით, ამ პოსტზე უკვე სამი კვირაა საქმიანობს.

"ეს დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რომელიც წილად მე მერგო. კარგად მაქვს გათავისებული ის პრობლემები, რაც არსებობს. დიდი გამოცდილება. რამდენჯერმე მაჟორიტარობის კანდიდატიც ვიყავი და ყველგან გავიმარჯვე. იმედი მაქვს, ეს ტრადიცია ახლა "ქართულ ოცნებაზე" და მის კანდიდატებზე გადმოვა", - დასძინა მან.