„დიპლომატიურ კორპუსს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული კანონდარღვევის ფაქტების შესახებ დოკუმენტირებული ინფორმაცია მივაწოდეთ და შევთანხმდით, რომ სერიოზული დაკვირვება განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ისე უშუალოდ ხმების დათვლის პროცესზე. ეს განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ- ერთმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საარჩევნო გარემოსა და შექმნილ ვითარებაზე, განიხილეს კონკრეტული ფაქტები, თუ რა დარღვევებს აქვს ადგილი სახელმწიფოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და აღნიშნა, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიციის კამპანიისთვის ხელის შეშლაა.
„ჩვენ გვქონდა კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ აგრძელებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ სადაზვერვო საშუალებების გამოყენებას პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. გავიხსენოთ რამდენიმე დღის წინ დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიაც, რომლის მიხედვითაც, ჩვენი კოალიციის ლიდერებს საზღვარგარეთ კუდი-ს წარმომადგენლები დაჰყვებოდნენ და ისინი იქაურმა პოლიციამ დააკავა. გვქონდა საუბარი ჯარიმებზე, იმ ფინანსურ გადაწყვეტილებეზე, რასაც ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის, კახი კალაძისა თუ კონკრეტული პარტიების წინააღმდეგ იღებს. ყველა ეს ფაქტი დოკუმენტირებულად გადავეცით ჩვენს კოლეგებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ორგანიზაციებს პრაქტიკულად ჟანგბადის სივრცე დაუხურა და აღნიშნა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ სააკაშვილს კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარების ეშინია.
საერთო ჯამში, მისი შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა იყო წარმატებული, "ქართული ოცნება" კი საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიურ კორპუსისგან მიმდინარე პროცესებზე სწორ და ადეკვატურ რეაქციას ელოდება.
დღევანდელ შეხვედრა კოალიციის მხრიდან დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, სოზარ სუბარი, მანანა კობახიძე, გოგი თოფაძე, მაია ფანჯიკიძე ესწრებოდნენ. ისინი შვეიცარიის ელჩს, ასევე სხვადასხვა საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და NDI-ს ხელმძღვანელს ლუის ნავაროს შეხვდნენ.