საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. ამის შესახებ შესაბამისმა უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და მედიის წარმომადგენლებმა საოლქო საარჩევნო კომისიებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციების მისაღებად მიმართეს.
"აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და საოლქო საარჩევნო კომისიას მისი გაცემა ეკრძალება შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე. მოთხოვნის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია გასცეს სია, სადაც მოცემულია წევრობის კანდიდატთა მხოლოდ სახელი და გვარი", - აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი არჩევნებამდე 46-ე დღეს, ანუ 16 აგვისტოს დასრულდება.