ჯონდი ბაღათურია მინდია გულუას შეხვდა. ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში გაიმართა. შეხვედრას ორივე მხარე იმდენად ასაიდუმლოებდა, რომ “ქართულ დასში” ჟურნალისტებთან არავინ საუბრობდა თუ სად იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ პარტიის ლიდერი. ბაღათურია-გულუას შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდნენ არც „განახლებულ საქართველოში“, ანუ გულუას პარტიაში.
გულუასთან შეხვედრის შესახებ ჯონდი ბაღათურია კომენტარს არ აკეთებს. მიუხედავად ამისა, from.ge-სთვის რამდენიმე დეტალი მაინც გახდა ცნობილი.
რაზე მოილაპარაკეს ჯონდი ბაღათურიამ და მინდია გულუამ?
წინასაარჩევნოდ ასეთი შეხვედრა, ბუნებრივია, საარჩევნო საკითხებსა და საპარლამენტო სიას უკავშირდება. ამ შეხვედრაზეც სწორედ ეს საკითხები განიხილეს.
გამორიცხული არ არის, რომ გულუა-ბაღათურიას ტანდემმა
პოლიტიკური ალიანსი შექმნას. თუ მსგავსი ალიანსი შეიქმნა, მაშინ ბაღათურიას პარტია სოლიდურ დაფინანსებას მიიღებს. ბაღათურიას რეიტინგი აქვს, მაგრამ ფინანსები არ გააჩნია, ხოლო გულუას - პოლიტიკური დასაყრდენი. ამდენად, ასეთი გაერთიანების შექმნა ორივესთვის ხელსაყრელია.
ბაღათურიას მინდია გულუასთან შეხვედრა და საარჩევნო მიზნების დამთხვევა ცოტა არ იყოს მოულოდნელია იმ ფონზე, როდესაც ცნობილი იყო, რომ ბაღათურია „ქართულ ოცნებასთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებას.
ბაღათურია, პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო რის გამოც უმრავლესობის წევრები ხშირად ლანძღავდნენ. ამ ყველაფერმა ბაღათურიას წისქვილზე დაასხა წყალი, რადგან მმართველი პარტიის წევრებმა ჯონდი იმდენი ლანძღეს, რომ თავისდაუნებურად უფასო რეკლამა გაუკეთეს.
პოლიტიკოსები საკმაოდ ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ბაღათურიას რეიტინგის აწევაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა „იზრუნა“, როდესაც ის დეპუტატს ტალახში გორაობითა და დაზელვით დაემუქრა. საკაშვილის ეს გამოსვლა მაშინ პარლამენტში მყოფმა დიპლომატებმა საკუთარი ყურით მოისმინეს.
არჩევნების წინ კარგი სასტარტო პირობები ბაღათურიას საშუალებას აძლევს რომ ნებისმიერ რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა და პარტიული სიაც გაექაჩა.
ბაღათურიამ საბურთალოზე გადაწყვიტა კენჭისყრა, მაგრამ მას კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი გამოუჩნდა.
ამ ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემთხვევაში კი ოპოზიციური ხმების გაყოფა მოხდება, რაც არაერთ არჩევნებზე მომხდარა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბურთალოზე კანდიდატურა ჯერ ჯონდი ბაღათურიამ დააყენა, მოსალოდნელი არ არის, რომ მან უარი თქვას საბურთალოს მაჟორიტარობაზე. ამდენად, საბურთალოზე 2 ოპოზიციონერი კანდიდატის ჭიდილს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი საბურთალოზე – ანდრია ურუშაძე ალბათ სიამოვნებით დაელოდება.
კიდევ რა „სიურპრიზებს“ შეიძლება ველოდეთ ამ არჩევნებზე და რაზე შეთანხმდა მინდია გულუა „ქართული დასის“ ლიდერთან, ეს თანდათან გაირკვევა. ფაქტი ერთია, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართულ პოლიტიკაში ფულს კიდევ ერთი მილიარდელი – მინდია გულუა დახარჯავს.