კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები რუსთავის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა კოალიციის მიერ გამართული აქციის შემდეგ შედგა.
მერიის პრესსამსახურის უფროსის, ნინო კორძაიას განცხადებით, "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელ ვახტანგ ყაველაშვილსა და იურისტ თამაზ ჯალიაშვილს კიდევ ერთხელ შესთავაზა რეკომენდაციის სახით, აქცია "მეგობრობის მოედანზე" გამართონ.
„მერია მზად არის, 2 დღის განმავლობაში მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მემორიალის სამშენებლო სამუშაოები შეაჩეროს და მოედანი აქციისთვის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დაუთმოს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" პირველი განცხადებით მერიას აცნობებდა, რომ აქციის გამართვა "მეგობრობის მოედანზე" სურდათ, დღეს პოზიცია შეიცვალეს და აქციის გასამართ ადგილად ჟიული შარტავას მოედანს ასახელებენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქცია 19 აგვისტოს ჟიული შარტავას მოედანზე აუცილებლად გაიმართება.
„მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ და აქციის გამართვის ადგილს აღარ შეიცვლიან“, - აცხადებს რუსთავის ოფისის იურისტი თამაზ ჯალიაშვილი.
ამასთან, გუშინ რუსთავის მერიამ კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც შარტავას მოედანზე აქციის გამართვის შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა აქციის ორგანზიატორებს დაეკისრებათ.