თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართულ ოცნებაში" უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის 16 პირის დაჯარიმების შესახებ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება აპელანტებისთვის რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
სასამართლოს დადგენილებით, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
"ქართუ ბანკის" 8 თანამშრომლისა და კოალიცია "ქართული ოცნების" 8 წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლო ერთდროულად სამ დარბაზში იხილავდა. პროცესებს მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე, თეა ძიმისტარაშვილი და მერაბ ლომიძე უძღვებოდნენ.
დაჯარიმებული პირების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ, რადგან მათი თქმით, სასამართლომ უტყუარი მტკიცებულებები მხედველობაში არ მიიღო.
დაჯარიმდნენ გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ნატო კოპლატაძე, მაგდა მუშკუდიანი, ნინო უძილაური, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნოდარ ჯავახიშვილი, ირაკლი ბერაია, ნატო ხაინდრავა, ია გამცემლიძე და დავით გალუაშვილი. ჯარიმის თანხამ საერთო ჯამში 500 ათასი ლარი შეადგინა.