სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართავს იმის თაობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში სათანადო ცვლილებები განხორციელდეს, რაც მესაკუთრისთვის ქონების დაყადაღების შემთხვევაში მის სასამართლოში გასაჩივრების უფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ომბუდსმენი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველს უკანასკნელი თვეების მანძილზე განცხადებით არაერთმა პირმა მიმართა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ მათი ქონების ან საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო უკანონოდ იზღუდებოდა მათი საკუთრების უფლება.
„ამავდროულად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო რამდენიმე, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, საქმის შესწავლა, რომელიც დაკავშირებული იყო „გლობალ კონსალტინგისა“ და სტუდია „მაესტროს“ საკუთრებაში არსებული სატელიტური ანტენების, ასევე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, მსგავსი საქმეების შესწავლისას სახალხო დამცველი უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისას მხარეთა პროცესუალური უფლებების დაცვის საკითხი, ხოლო საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა შეფასება სახალხო დამცველის კომპეტენციას ცდება.
ამბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ხსენებულ საქმეთა განხილვისას გამოიკვეთა, რომ როგორც ნივთების, ასევე საბანკო ანგარიშების დაყადაღება შეეხებოდა იმ პირთა ქონებას, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებისას მხარეს არ წარმოადგენდნენ.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის მიერ საკითხის დაურეგულირებლობა (ის რომ მესაკუთრე ვერ ასაჩივრებს საკუთარ ქონებაზე დადებულ ყადაღას) იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და 21-ე (საკუთრების უფლება) მუხლების დარღვევას.
შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს განახორციელოს სათანადო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც შექმნის ეფექტურ საშუალებას სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ყადაღის გამოყენებისას მესაკუთრის მიერ საკუთარი უფლების სასამართლოში დასაცავად“, - აღინიშნა სახალხო დამცველის განცხადებაში.