კოალიცია "ქართული ოცნების" ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ სვანეთის უბანში, პაატა სააკაძის ქუჩაზე დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მოსახლეობა მაჟორიტარობის კანდიდატს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობასთან ერთად, იმ რთულ სოციალურ პრობლემებზე ესაუბრა, რომელშიც ცხოვრება ამ ქუჩის მცხოვრებლებს უწევთ.
დოლიძე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და მათ "ქართული ოცნების" პროგრამა გააცნო, რომელიც ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას, უმუშევრობის დაძლევას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ჩუღურეთის შტაბის უფროსი ზოდიკო ფარქისაძე ღირსეული ადამიანია, ამიტომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა სასიკეთო იქნება როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე საზოგადოებისთვის.
„წლების მანძილზე სამთავრობო სტრუქტურაში იყო. მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. იგი არის ღირსეული ადამიანი, რომელიც კრიტიკულ მომენტში ხალხის გვერდით დადგა და უარი თქვა მოძალადე ხელისუფლებასთან მუშაობაზე. ზოდიკო კარგი მენეჯერია, ჩუღურეთი მას პატივს სცემს. მან კარგად იცის ამ რაიონის სპეციფიკა, სწორედ ამიტომ გადაწყდა შტაბის უფროსად მისი დანიშვნა, მჯერა რომ ეს ცვლილება სასიკეთო იქნება "ქართული ოცნებისათვის", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძე შეკრებილებს არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო თავდაცვით მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება და პირველ რიგში, მოსახლეობასთან სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა.