19 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო , რომელიც 13 თვეს გააგრძელდა...
1989 წლის ივლისში სოხუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა... სოხუმის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტობა , მარტში მიღებულ ლიხნის დეკლარაციას, რომელიც აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვდა, აპროტესტებდა, რის გამოც უნივერსიტეტი აფხაზი ნაციონალისტების გახშირებული თავდასხმის ობიექტი გახდა, ივლისში უნივერსიტეტში, მისაღები გამოცდების დროს, ქართველ აბიტურიენტებს ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ, რამდენიმე დღეში მღელვარება დაპირისპირებაში გადაიზარდა და 1989 წლის 17 ივლისს სოხუმში ქართველ მოსახლეობასა და აფხაზ ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობის დროს დაიღუპა 16, დაიჭრა 140 კაცი, მათი უმრავლესობა ქართველები იყვნენ.
იმ დროისთვის საბჭოთა საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, ამიტომ სოხუმში ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმებმა სტაბილური ხასიათი მიიღო. 1992 წელს აფხაზეთში სიტუაცია უკვე აფეთქების ზღვარზე იდგა. საქმე იქამდე მივიდა, რომ აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ივლისში ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს, 1992 წლის 23 ივლისს ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.
15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა გაგრის "მხედრიონის" მეთაური ბადრი ფირცხელიანი, ხოლო მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ჯონი ლატარია.
გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტობრივად ბლოკადაში მოექცა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მხოლოდ ბიჭვინთა-ახალი ათონის მონაკვეთი რჩებოდა. ბლოკირებული იყო ქ. ტყვარჩელის ზონა, სადაც კომპაქტურად ცხოვრობნენ აფხაზები.
1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ედუარდ შევარდნაძის, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ 5 სექტემბრის 12 საათიდან აფხაზეთში ცეცხლი შეწყდებოდა. დოკუმენტი აფხაზეთიდან დაქირავებულთა რაზმების გაყვანას და ქართული საჯარისო ფორმირებების დისლოკაციის შეცვლასაც ითვალისწინებდა. თუმცა, 3 სექტემბერის შეთანხმება არავინ შეასრულა და სისხლისმღვრელი ბრძოლები კიდევ 11 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი, ბაგრამიანის ბატალიონი.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემა იყო ქართულ-აფხაზური შეიარაღებული 1992-93 წლების კონფლიქტის ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე დამხმარედ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი უჭერდა მხარს.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს შეთანხმების თანახმად ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზოუკვლოდ დაიკარგა . რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია , კოდორის ხეობის გარდა, დაიკავეს.
კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა 20000- 30 000 ეთნიკური ქართველი, მოკლული იქნა 2500-დან 4000-მდე აფხაზი, 20 000 აფხაზი და 250 000 ქართველი დევნილად იქცა.