ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის კანცელარიის განცხადებით, შიმონ პერესის მურსისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც ისრაელის პრეზიდენტი „ეგვიპტის პრეზიდენტს რამადანის დაწყებას ულოცავდა და რეგიონის ყველა ქვეყანას მშვიდობას უსურვებდა“, ყალბად გამოცხადდა.
ეს მისალოცი წერილი ებრაულ პრესაში გამოქვეყნდა, გარდა ამისა, ისრაელის მხარემ თელ-ავივში ეგვიპტეს საელჩოს ნება დართო წერილის შინაარსი გაეხმაურებინა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მართალია ეგვიპტის კანცელარია ადასტურებს იმას, რომ წერილი ნამდვილად მიიღეს, მაგრამ ყალბს უწოდებს იმიტომ, რომ პრეზიდენტს ებრაელებისგან არანაირი მილოცვის მიღება არ სურს.
ეგვიპტის ახლადარჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მურსი რადიკალური „ძმები მუსლიმების“ წევრია. ორგანიზაციამ 1981 წელს ეგვიპტის მაშინდელი პრეზიდენტი ანვარ სადათი მოკლა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.