ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა სოფლებიდან ოსებმა ქალებისა და ბავშვების გაყვანა დაიწყეს, შეინიშნება შეიარაღებული სამხედრო ძალების გადაადგილებაც. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ეს ცხინვალის „საჩვენებელი გამოსვლაა“ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართული და აქ რეალური საშიშრეობა არ შეინიშნება.
„ოსურმა მხარემ რეაგირება მოახდინა ქართული მხარის მიერ ზარდიანთკარის პოლიციის საგუშაგოს გადაწევის შედეგად. ისინი საერთაშორისო საზოგადოების და ორგანიზაციების ყურადღებას იპყრობენ და აფიქსირებენ, რომ მათთვის მიუღებელია ქართული მხარის ეს ნაბიჯი. მიუხედავად იმის, რომ ეს ქართული ტერიტორიაა და ქართული მხარე პოლიციის საგუშაგოს სადაც უნდა იქ გადასწევს, მაგრამ უმჯობესი იქნება, ნაკლებად გამაღიზიანებელი ნაბიჯები გადავდგათ“,-აცხადებს ზაქარეიშვილი From.ge-სთან საუბარში.
კონფლიქტოლოგის აზრით, სიტუაცია მალე ჩაწყნარდება, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს. „საზღვრისპირა სოფლებიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანამ, ისევე როგორც თქვენ, ყველას 2008 წლის აგვისტოს წინა მოვლენები გაახსენა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ სოფლები იბომბებოდა და დაძაბული საომარი ვითარება იყო. დღეს მსგავსი არაფერი ხდება, ამიტომ ვიმეორებ რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ამ ყველაფერს ცხინვალი საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღების მისაპყრობად აკეთებს“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.