საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გატარებული ყველა ღონისძიება მართებულია და სადაც უნდა იქ იჩივლოს
ამის შესახებ დარჩიაშვილმა კომენტარი ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის დავის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.
,,ბიძინა ივანიშვილი არის ფულის არასწორად მშოვნელი და არასწორად მხარჯველი, რომელიც მიმართულია კანონმდებლობის წინააღმდეგ. ასეთია ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია და სადაც უნდა იქ იჩივლოს და გავარჩევთ. მის მიმართ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები მიმაჩნია მართებულად, თუმცა, კანონის უზენაესობა მთავარია და საკითხიც გაირჩევა პროცედურულად“, - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის დავის დაწყების შესახებ 31 ივლისს შეტყობინება ჩაბარდა საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს.
მისი თქმით, პროცედურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას მიეცა 14 დღე, რათა მან აღიაროს ჩადენილი უკანონობა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას მიაღწიოს ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებთან. ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემთხვევაში საინვესტიციო დავათა განხილვის ცენტრს დაუყოვნებლივ წარედგინება საჩივარი-მოთხოვნა არბიტრაჟის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც დავას საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული სამართალმცოდნეები განიხილავენ.