ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში, საქართველოში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საჩუქრად, სიმბოლურად სატელიტური თეფში გაუგზავნეს.
გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური თეფშების დაყადაღების გამო, პრეზიდენტისთვის სატელიტური თეფშის გადაცემა მათი პროტესტის ფორმაა.
„გვუსრს, ეს თეფში გადავცეთ პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ესაა ჩვენი პროტესტი ვინაიდან მიგვაჩნია, რომ პროკუტარურისა და სასამართლოს ქმედებები სრულიად უკანონო იყო. აუცილებელია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური თეფშები დაუბრუნდეს და შემდეგ ეს თეფშები ხალხს გადაეცეს“, - განაცხადა ტუღუშმა და აღნიშნა, რომ „მაესტროს“ მხარდასაჭერი აქციები და ეს პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს.
„ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და ძალიან ცუდად, უკანონოდ მედიას შეეხო. ჩვენ არ გავჩერდებით ვიდრე, სამართლიანობა არ იზეიმებს და ტელეკომპანია „მაესტროს“ თეფშები არ დაუბრუნდება“, - განაცხადა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოში არსებულმა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა „მაესტროს“ მხარდასაჭერი აქცია გამართეს და ერთ სატელიტურ თეფშს პრეზიდენტისთვის საჩუქრად გადასაცემად ხელი მოაწერეს.