საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის მზაობას იმის თაობაზე, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი, ხოლო საარჩევნო კამპანია ღია და გამჭირვალე იქნება.
„დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ეს არჩევნები და ეს კამპანია სამაგალითო იქნება. მინდა კიდევ ერთხელ, შეგახსენოთ ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით იქნა გადადგმული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ აპრილის თვეში გამოვიდა ინიციატივით გრძელვადიანი სადამკვირებლო მისიების მოწვევის თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ დაიწყო აქტიური კონსულტაციები ევრიოკავშირის, ეუთოს, და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შემდეგი საქმიანობა ეხება საარჩევნო სიების დაზუსტებას. ვფიქრობ, სიების დაზუსტებამ კონკრეტული შედეგი გამოიღო და გუშინ არაერთმა საერთაშორისო დამკვირებელმა კმაყოფილება გამოთქვა ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. საკმაოდ აქტიურად მუშაობს უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ყველა სადაო საკითხს ოპერატიული რეაგირების რეჟიში განიხილავს. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარალამენტის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც საკაბელო მაუწყებელი იღებს ვალდებულებას საარჩევნო კამპანიის განმავლობაში უზრუნველყოს ტელეკომპანიათა ჩართვა შესაბამის ქსელში. ასევე უმნიშვნელოვანესია ის დოკუმენტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა და პოლიტიკური პარტიების ქცევის წესებს უკავშირდება“, - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით, გვინდა გაცნობოთ, რომ არჩევნები დაინიშნა და ის 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდება.
მანჯგალაძის თქმითვე, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნები ქართული დემოკრატიის სიმწიფისა და სიცოცხლის უნარიანობის კიდევ ერთი დასტური იქნება.