ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს შესაძლოა თანამდებობა დაატოვებინონ. სამინისტროში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ხეთაგურის მუშაობით ხელისუფლება უკმაყოფილოა და მალე ის თანამდებობას დაემშვიდობება.
უკვე სახელდება ხეთაგურის სავარუდო შემცვლელი. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დავით ტყეშელაშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ პრეზიდენტს არ მიუღია.
დავით ტყეშელაშვილი 2010 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსია. მანამდე კი სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. დავით ტყეშელაშვილი იყო: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ასევე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრი.
ტყეშელაშვილი იმ ადამიანებს შორის მოიაზრება, რომელიც პრეზიდენტთან დაახლოებულია.