თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს. ნაცვლიშვილის განცხადებით, ოფიციალური მიზეზი, თუ რის გამო მოხდა ანგარიშების დაყადაღება მისთვის უცნობია.
„ყადაღისტანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მართლმსაჯულება უარს აცხადებს გადმომცეს განჩინების ასლი, რომლის თანახმადაც ჩემი ანგარიშები დაყადაღდა. ამას იმ აბსურდით ასაბუთებს, რომ თითქოს მხარე არ ვარ. მე დამიყადაღეს ანგარიშები, შემიზღუდეს საკუთრების უფლება, ზიანი მიაყენეს ჩემს საქმიანიან რეპუტაციას და იმავდროულად, თურმე არა ვარ მხარე. სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შევიტანე, თუმცა ეს საჩივარი დაიკარგა და სამთვიანი ეპოპეის შემდეგ, როდესაც ადვოკატი ჩავრთე, სასამართლომ მოწყალება გაიღო და განგვიცხადა, რომ ჩვენს საჩივარს სასამართლო არ განიხილავს, იმიტომ რომ მხარედ არ განგვიხილავს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე აცხადებს, აღნიშნულის მიზეზის გასარკვევად, მან პროკურატურას არაერთხელ მიმართა, თუმცა იგი პასუხს არ იძლევა.
„პროკურატურა არაფერს აცხადებს, რადგან ამბობს, რომ საქმეში ნაცვლიშვილი მხარე არ არის. აქედან გამომდინარე, საქმის მასალებიდანაც არაფერი ჩანს. ამასთან, ისევე როგორც კახი კალაძის შემთხვევაში, ნაცვლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსმა ნიკოლოზ მარგველაშვილმა გასაჩივრების უფლება ჩამოართვა. მიზეზი იგივეა, „იმის გამო, რომ ნაცვლიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და იგი საქმეში ბრალდებულის სტატუსით არ ფიგურირებს, მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვს“, - განაცხადა თადუმაძემ.