საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეცხრე არხის გენერალური დირექტორის - კახა ბექაურის განცხადებას, წინასაარჩევნო პერიოდში კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესახებ ეხმიანება.
ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„კახა ბექაურის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანიებმა თავად უნდა მიმართონ საკაბელო ტრანზიტორებს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ მათ არხის პაკეტში ჩასმის ვალდლებულება, არასწორია. მისივე თქმით, ტელეკომპანიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის საკაბელო მაუწყებლების სია, რაც გააჭიანურებს სავალდებულო არხების ჩართვის პროცესს.
კომისიაში განმარტავენ, რომ ბექაურის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან 29 ივნისს, ბექაურმა წერილობით მიმართა კომისიას, ყველა ავტორიზებული პირის სიის მიწოდებასთან დაკავშირებით. 4 ივლისს კომისიამ დააკმაყოფილა მეცხრე არხის გენერალური დირექტორის წერილობითი მოთხოვნა და გაგუგზავნა მას ავტორიზებულ პირთა სია. ამ ეტაპზე, კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც ხელმისაწვდომია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების იურიდიული და ფაქტობრივი მისამართების და სხვა მონაცემების დაზუსტებული სია“,- ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.