ვეფხვაძე: ივანიშვილს ძალიან სუსტი მაჟორიტარობის კანდიდატები ჰყავს

ვეფხვაძე: ივანიშვილს ძალიან სუსტი მაჟორიტარობის კანდიდატები ჰყავს

ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ თბილისში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარები დამარცხდებიან, იმიტომ რომ ლოგიკას ვერ ხედავს რატომ უნდა გაიმარჯონ.

რაც შეეხება ივანიშვილის გუნდის მაჟორირიტარებს, ვეფხვაძე მათ ძალიან სუსტ  კანდიდატებად მიიჩნევს.

 from.ge ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა:

 -არჩევნების თარიღად  2 და 5 ოქტომბერი სახელდება. რატომ არ აცხადებს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების თარიღს?

-ვერ გეტყვით. ვფიქრობ, არჩევნების საბოლოო თარიღთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ არიან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ხვალ პრეზიდენტი გამოვიდეს და თქვას, რომ არჩევნებს 1 ოქტომბერს ნიშნავს. მათ გადაწყვიტეს ოქტომბერში რაც შეიძლება ადრე ჩაატარონ არჩევნები იმისათვის, რომ თბილისში საარჩევნო კამპანია არ გახურდეს. თბილისელები რეგიონებში არიან გასულები, როგორც ჩანს, თბილისში ნაციონელებს მაჟორიტარებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. თუკი თბილისში მაჟორიტარობის ოპოზიციონერი კანდიდატები საარჩევნო  კამპანიას ვერ „გაახურებენ“, ნაციონალები ფიქრობენ, რომ გამარჯვება მათ დარჩებათ.

-ნაციონალური მოძრაობა  თბილისს წააგებს?

-თბილისში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარები დამარცხდებიან, იმიტომ რომ მე ლოგიკას ვერ ვხვდები რატომ უნდა გაიმარჯონ.

-თუმცა, ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა რაიონებში გაიმარჯვებს?

-მე არ ვიცი ნაციონალები რას გეგმავენ, ისინი გეგმავენ 100%–ს თავის მაჟორიტარებიანად, მაგრამ სააკაშვილი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო.

-ბიძინა ივანიშვილის გუნდის შანსებს როგორ აფასებთ მაჟორიტარულ არჩევნებში?

-გადავხედე მის მაჟორიტარობის კანდიდატებს და პირდაპირ ვიტყვი ძალიან სუსტი კანდიდატები არიან.

-ყველგან?

-თბილისშიც, რეგიონებშიც. მან თბილისში აქცენტი გააკეთა არაცნობად სახეებზე. რა კრიტერიუმით შეარჩია მაჟორიტარები ვერ ვხვდები.

-რას გულისხმობთ, მაჟორიტარებს შორის სპორტსმენები და ხელოვნების -სფეროს წარმომადგენლები რომ არიან?

თბილისს ვგულისხმობ,სულ მცირე ისეთი კანდიდატები  უნდა შეერჩია, რომ  -მაჟორიტარულ ოლქებში ცნობადობა მაინც ჰქონოდათ.

-ვინ დაასახელა ივანიშვილმა ისეთი, რომელსაც ცნობადობა არა აქვს?

-ახლა პერსონიფიცირებას არ მოვახდენ, მაგრამ თბილისში ჰყავთ მაჟორიტარები, რომელთაც საკუთარ ოლქში ცნობადობა უჭირთ.

-ანუ  „ქართული ოცნება“  თბილისს წააგებს?

-ამ შემთხვევაში, თუ ნაციონალურ მოძრაობას მხარდაჭერები არა ჰყავს და ივანიშვილს ისეთი მაჟორიტარები ჰყავს, რომელთაც ცნობადობა არა აქვთ, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებს დიდი შანსი გვაქვს რომ გავიმარჯოთ.

ქრისტიან-დემოკრატებს ისეთი კანდიდატები გყავთ შერჩეული თბილისში, რომლებიც გაიმარჯვებენ?

-ოპოზიციური ლიდერების ჩამონათვალში: გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი და ინგა გრიგოლია იმ ხუთეულშია, რომლებიც ნდობით სარგებლობენ.

-ნდობით შესაძლოა სარგებლობენ, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ ისინი გაიმარჯვებენ?

-მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა. ელექტორატი, რომელიც არჩევნებზე მიდის, შესაძლოა  „ქართული ოცნება“ შემოხაზოს და მხარი ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატს დაუჭიროს, ან შემოხაზოს ნაციონალური მოძრაობა და მხარი ჩვენს კანდიდატს დაუჭიროს.

-პირადად თქვენი კადიდატურა მთაწმინდაზე მაჟორიტარად განიხილება?

-არ ვმალავ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად განვიხილებოდი საბურთალოზეც და მთაწმინდაზეც, მაგრამ მას შემდეგ საარჩევნო შტაბის უფროსად დავინიშნე, ფიზიკურად ალბათ გამიჭირდება მაჟორიტარად და შტაბის უფროსად მუშაობა. თუმცა, მთაწმინდაზე ძალიან კარგი სასტარტო პირობები მქონდა.

-გიორგი ახვლედიანის კანდიდატურა  გლდანის რაიონში მაჟორიტარად განიხილება?

-მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ თუ ვინ სად იქნება მაჟორიტარად დასახელებული. შეფასების რეჟიმში ვართ და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მაჟორიტარებს დავასახელებთ.

-თბილისში მაჟორიტარებს როდის დაასახელებთ?

-მას შემდეგ რაც კვლევები დასრულდება.

-ანუ როდის?

-არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ.