მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო უფლებების დარღვევის თაობაზე დავა იწყება. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრეს- კონფერენციაზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და ივანიშვილის ინტერესების დამცველმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადეს.
ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტი ყველა იმ დარღვევას შეისწავლის, რომელიც „ბანკ ქართუსთან“ მიმართებაში ხელისუფლებამ განახორციელა. საქმე ასევე მოიცავს ბიძინა ივანიშვილის წილის დაყადაღების ფაქტს „პროგრეს ბანკში“.
დავა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ცენტრში წარიმართება ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელმაც, გასული წლის ოქტომბრიდან, მრავალი პოლიტიკურად მოტივირებული უკანონობა ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
ბიძინა ივანიშვილის უფლებებს საერთაშორისო ცენტრში ავტორიტეტული იურიდიული ფირმა „სკადენი“ დაიცავს. ფირმის ვაშინგტონისა და ლონდონის ოფისის ხელმძღვანელები 16-17 ივლისს უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში. დავის დაწყების თაობაზე შესაბამისი შეტყობინება საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე ჩაბარდა.
„აღნიშნული დოკუმენტი 31 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე ჩაბარდა. მისი ქართული ვერსია ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება. პროცედურის თანახმად, საქართველოს მთავრობას მიეცემა გონივრული ვადა - 14 დღე, რათა ივანიშვილის მიმართ ჩადენილი უკანონობანი აღიაროს და ივანიშვილის სამართლებრივ მრჩევლებთან ერთად, მიყენებული ზიანის შესახებ იმსჯელოს. ამის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ მთავრობა ამას გააკეთებს, ამიტომ 14 დღის გასვლის შემდეგ ჩვენ ახალ ეტაპზე გადავალთ და ეს იქნება აღნიშნული იურიდიული დოკუმენტის დავების ცენტრის არბიტრაჟისთვის მასალების გადაცემა. ამ ეტაპზე იმ თანხის მოცულობა განსაზღვრული არ არის, თუ რამდენს მოითხოვს ივანიშვილი მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად და ეს ასეული მილიონი დოლარი იქნება. ამასთან, მას დაემატება გარკვეული პროცენტები, რაც ბირჟის მეშვეობით დაითვლება“, - განაცხადა კბილაშვილმა.