აღსრულების ბიუროში ახალი სერვისის - „ფაქტების კონსტატაცია“-ს პრეზენტაცია დღეს გაიმართება. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, ახალი სერვისის მიზანია დააფიქსიროთ ესა თუ ის მნშვნელოვანი ფაქტი და მიიღოთ ოქმი, რომელსაც მტკიცებულებად გამოიყენებთ.
ფაქტების კონსტატაციის სერვისით მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს: ქონების გაქირავებამდე მისი მდგომარეობის ასახვისათვის; სამეზობლო დავებისას - წყლის ჩამოშვებისას, საერთო სარგებლობის კიბით, სხვენით ან გზით სარგებლობის ხელისშეშლის შემთხვევაში; ჩუქების; გაყრის; ქონების გაყოფის; მემკვიდრეობით მიღების დროს ქონების სრული ინვენტარიზაციისათვის; შესრულებული სამუშაოს აღწერისთვის, მაშინ, როდესაც დამზადებული ნივთი ან საქონელი არ აკმაყოფილებს კონტრაქტის პირობებს; საავტორო უფლებების დაცვისათვის; პირატული პროდუქციის გაყიდვის დაფიქსირებისათვის; განქორწინების პირობების შეუსრულებლობისას; სტიქიური უბედურების ან სხვა სახის ავარიულ სიტუაციებში ზარალის შესახებ დადასტურებული ფაქტის დასადგენად; დაკვეთის შესრულების დროში უმიზეზოდ გაწელვისას და ა.შ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიაჩნიათ, რომ „ფაქტების კონსტატაციის“ სერვისი მნიშვნელოვნად შეამცირებს სასამართლო პროცესების ხანგრძლივობას მტკიცების სტადიის ხარჯზე; ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას და მოახდენს უფლებათა წინასწარგანზრახული დარღვევის პრევენციას.