სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დღეიდან იწყება და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გამოიცა, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1 450 წვევამდელით განისაზღვრა.
ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1 300 წვევამდელით, ხოლო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 6 772 წვევამდელია.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები იქნებიან გაწვეულები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებული არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე თვითმმართველ ერთეულებს, ხოლო ქალაქ თბილისში რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.