ფონდი „ქომაგი“ ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, ევროსასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს. „ქომაგის“ თავმჯდომარის ია მეტრეველის განცხადებით, კონკრეტულად საუბარია, გერმანიის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიდან მათ ანგარიშზე გადმორიცხულ თანხაზე, რომელიც კონტროლის პალატის მიერ, სრულიად უკანონოდ იქნა დაყადაღებული.
მეტრეველის თქმით, ანგარიშის დაყადაღებაზე მათ სასამართლოს მიმართეს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლომ აბსოლუტურად არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და ეს თანხა ფონდს ანგარიშიდან ჩამოაჭრეს.
„ამ უკანონო ქმდებებზე ჩვენ საქართველოში სამართალს ვერ მივაღწიეთ და შესაბამისად, სარჩელს სტრასბურგისთვის ვამზადებთ“, - განაცხადა მეტრეველმა.
მეტრეველის განცხადებითვე, უკიდურეს გაჭირებაში მყოფი ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა და ფონდს არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირები, არამედ სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეებიც აკითხავენ.
„ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ვითარებაა და დახმარების მთხოვნელთა რაოდენობაც დიდია. არამხოლოდ პოლიტიკური, სოციალური ვითარებაა უმძიმესი. მოდიან ისეთებიც, რომელთაც მკურნალობა და ოპერაციები სჭირდებათ და თვითონ ვერ ახერხებენ თავი გადაირჩინონ, ან ლუკმა-პური იშოვონ. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან გასაუბრებას და კანონის ფარგლებში, ვეცდებით ყველანაირად დავეხმაროთ“,- განაცხადა მეტრეველმა.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ევროპულ სასამართლოში შესატანად სარჩელის მზადება მალე დასრულდება, ფონდს სხვა გეგმებიც აქვს, თუმცა, ამაზე საუბრისგან „ქომაგის“ თავმჯდომარე ჯერ თავს იკავებს.
მეტრეველის ინფორმაციით, ევროპულ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა „ქომაგის“ შემომწირველმა, ემიგრაციაში მყოფმა ბიძინა გიორგობიანმაც.
მისი თქმით, ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, შემომწირველთა რაოდენობა არ შემცირებულა
„ემიგრანტებთან ჩვენი ურთიერთობა გრძელდება, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ქომაგის“ მიმართ, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ემიგრანტები ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიცხადებენ“, - განაცხადა მეტრეველმა.