სიღნაღის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ „ქართული ოცნების“ წევრს, ილია სულიაშვილს, რომელსაც მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით, შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული მამის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ, from.ge - ს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განუცხადა.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრი ილია სულიაშვილი 1 ივლისს დააკავეს და მას პატიმრობის ვადა 5 აგვისტოს უმთავრდება. მისივე განცხადებით, ამ დაკავების საფუძველზე, მამამისმა თამაზ სულიაშვილმა ინერვიულა და 5 დღის წინ, ინფარქტით გარდაიცვალა. კობახიძის თქმით, სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსი გიორგი კობიაშვილი ილია სულიაშვილის მამის დაკრძალვაზე გაშვებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობის ჩაბარებაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა.
აქვე კობახიძე აღნიშნავს, რომ მან მამის გარდაცვალების შესახებ გუშინ, ადვოკატისგან შეიტყო. „მთელი ამ დღეების განმავლობაში, მას იზოლატორის თანამშრომლებმა და უფროსმა გიორგი კობიაშვილმა მამის გარდაცვალების შესახებ არ აცნობეს“, - აღნიშნავს კობახიძე.
„გუშინ, ოფიციალურად შევიდა ადვოკატი კობა კობახიძე, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ანალოგიური შუამდგომლობა სიღნაღის კარცერში გადაიგზავნა. ასევე გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ილიას და, ირმა სულიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორის კართან იმყოფებოდა, რომ შუამდგომლობა ჩაებარებინა, რათა ილია სულიაშვილისთვის მამის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე დასწრების ნება დაერთოთ, მაგრამ გიორგი კობიაშვილმა შუამდგომლობა მანამდე არ ჩაიბარა, სანამ თბილისიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ჩავედით“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ამ ყოველივეს, „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ პოლიტიკურ დევნად აფასებს.
„ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო და დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები, რომლებიც ნეიტრალურ პოზიციაზე უნდა იყვნენ და არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან, იღებენ პოლიტიკურ და არა სამართლებრივ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.