1 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში „აჭარის ხელოვნების მუზეუმში“, საქართველოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი.თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების ექსპოზიციაში მონაწილეობას 50-ზე მეტი მხატვარი მიიღებს.
გახსნაზევე გაიმართება 5 მხატვრის დაჯილდოების ცერემონიალი, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. ასევე, მოეწყობა სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც საგანგებოდ მხატვრებისთვის დაიწერა. ტექსტის ავტორია ალკაზარ კაკულია, კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე, შეასრულებს მომღერალი ეთერ კაკულია. პროექტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების მოსახლეობისათვის გაცნობა და მისი პოპულარიზაციაა.
გამოფენა ბათუმში 5 აგვისტომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ქუთაისში გადაინაცვლებს. კოლექციას ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრებიც დაემატება და 7 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქუთაისის მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში “ვარლა” ერთობლივი ექსპოზიცია გაიხსნება.
8 აგვისტოს დაგეგმილია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, მხატვრები მსურველებს სპეციალობების შესწავლას შესთავაზებენ. გახსნას დესწრებიან კულტურის სფეროს, სახელოვნებო სკოლების, მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.