„ამომრჩეველთა ლიგა“  „ასდუკ -ს“ ამომრჩეველთა ერთიანი სიების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

„ამომრჩეველთა ლიგა“ „ასდუკ -ს“ ამომრჩეველთა ერთიანი სიების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“  საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას მოუწოდებს ერთიან ამომრჩეველთა სია გაასაჯაროოს. ამის შესახებ,  განცხადება დღეს „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ გააკეთა.

„ამომრჩეველთა ლიგაში“ მიაჩნიათ, რომ  დღეს მომსწრე გავხდით,  მორიგი ფარსის  ხელისუფლების კერძოდ,  პარლამენტის თავმჯდომარისა და მასთან დაკავშირებული სატელიტი ორგანიზაციების შესრულებით.

„ჩვენ,  მთელ საზოგადოებას,  ქართველ ხალხს აინტერესებს ძალიან მკაფიო პასუხები კითხვებზე:  რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, რამდენი ამომრჩეველია გასული საქართველოს ფარგლებს გარეთ, რამდენი გვარია მიწერილი და დაუდგენელი. გამოქვეყნდეს და საჯარო გახდეს ერთიანი ამომრჩეველთა სია“, - განაცხადა გუნცაძემ.

გუნცაძის თქმით, თუ ამ კითხვებზე პასუხი არ იქნება გაცემული,  ნათელი იქნება,  რომ ხელისუფლება მორიგი,  ფართომასშტაბიანი ფალსიფიკაციისთვის  ემზადება.

მისივე თქმით, ხვალ „ამომრჩეველთა ლიგა“ სპეციალურ ბრიფინგს ჩაატარებს,  სადაც ალტერნატიული „კარდაკარ“ სამუშაოს საბოლოო მონაცემებს შეაჯამებს და შესაბამისი ინიციატივებით გამოვლენ.

შეგახსენებთ, დღეს  საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის განცხადებით,  საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა.  მისი განმარტებით,  შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 , შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.

კაციტაძის თქმით, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი „კარდაკარის“ მონაცემები მხოლოდ კომისიის მუშაობის შედეგებს ასახავს.  

როგორც ის აცხადებს, ალტერნატიული კარდაკარის ორგანიზატორებს კომისიისთვის არ მიუმართავთ და არც ერთი უზუსტობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

„კომისია სიების დაზუსტებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს. პირველ სექტემბრამდე კომისია სიების დაზუსტების მიზნით მოსახლეობის მიმართვებს შეისწავლის და გაითვალისწინებს. სრული სახით სია 15 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კაციტაძემ.