პატიმრებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მერაბ ქვარაიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
ქვარაიას თქმით, კოალიციას დახმარებისთვის რამდენიმე პატიმრის ოჯახმა იმ პირობით მიმართა, თუ მათი კონფიდენციალურობა დაცული იქნებოდა.
როგორც ქვარაია აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისა და საარჩევნოდ ხმების შეგროვების სანაცვლოდ პატიმრებს პირობების გაუმჯობესებას პირდებიან, ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში კი ე.წ. ზონდერ-ჯგუფებში გაწევრიანებას სთავაზობენ. ზეწოლა მიმდინარეობს პრობაციონერებზეც, რომლებსაც სასჯელისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ ავალებენ, საკუთარი უბნებიდან "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ 20-30 ხმა მოაგროვონ.
"მივმართავთ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ეს უმსგავსო და სამარცხვინო კამპანია, შეწყვიტოს ვაჭრობა და ძალადობა პატიმრობაში მყოფი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. არჩევნები არის კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მონაპოვარი და საქართველომ ღირსეულად უნდა ჩაატაროს იგი. მივმართავ საზოგადოებას, ნუ იგრძნობთ თავს დავალებულად ხელისუფლების წინაშე, ყველანი მობრძანდით არჩევნებზე და ხმა მიეცით პირველ რიგში საკუთარ თავს, თქვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. პირობას გაძლევთ საარჩევო კაბინაში თქვენ ვერავინ გაგაკონტროლებთ. თქვენი არჩევანი ფარულია და ვერავინ შეძლებს გადაგამოწმოთ," - განაცხადა ქვარაიამ