დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსთავში მცხოვრებ შუბითიძეების ოჯახს ესტუმრა.
პრემიერ-მინისტრმა ოჯახის წევრებს თავად გააცნო 1000 ლარიანი ვაუჩერის მოხმარების წესი, რომელიც ახალი სამთავრობო 4 წლიანი პროგრამის, ,,მეტი სარგებელი ხალხს", ფარგლებში 2013 წლის 1 იანვრიდან თითოეულ ოჯახს გადაეცემა.
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ზრდის პენსიას, ქმნის მოქალაქეების დასაქმების წინაპირობებს და უფრო ხელმისაწვდომს ხდის ჯანდაცვას, არავინ იცის კონკრეტული ოჯახის პრობლემები და საჭიროებები იმაზე უკეთ, ვიდრე თავად ამ ოჯახმა და ოჯახის წევრებმა.
1000 ლარიანი ვაუჩერის პროგრამა, რომელსაც მთავრობა პარლამენტს ოქტომბერში წარუდგენს, 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
ვაუჩერი ძალაში იქნება ოთხი წლის განმავლობაში და ყოველ ოჯახს საშუალება ექნება წლიურად 250 ლარის ოდენობის თანხა მოიხმაროს. ოჯახები თავად გადაწყვეტენ რა გზით გამოიყენებენ აღნიშნულ ვაუჩერს - გადაიხდიან დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალურ ხარჯებს, შეიძენენ სასკოლო სახელმძღვანელოებს ბავშვებისთვის, შეიძენენ საჭირო მედიკამენტებს, თუ მოიმარაგებენ საწვავს და სასუქს სასოფლო სამუშაოებისათვის ან დაიქირავებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.