1 აგვისტოდან მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება

1 აგვისტოდან მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები ამოქმედდება

 "სითი პარკი“  1 აგვისტოდან მძღოლებისთვის ახალ ჯარიმებს აამოქმედებს. პირი, ვინც ავტომობილების სადგომზე  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ ადგილზე გააჩერებს მანქანას 10 ლარით დაჯარიმდება.

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების 350-მდე სპეციალური ადგილი გამოიყო, სადაც  მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის მძღოლები შეძლებენ მანქანების გაჩერებას. ყველა სხვა პირს, რომლის მანქანასაც პარკირების სპეციალური მანიშნებელი სტიკერი არ ექნება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების ადგილით ისარგებლებს, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საშვებს გასცემს ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

საცნობი ნიშანი გაიცემა უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით და საშვი უნდა იქნეს გამოყენებული იმ ავტომობილზე რომელზეც გაცემულ იქნა აღნიშნული საშვი.

თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული ავტომობილზე და მოხდება ამ ავტომანქანის პარკირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებად.

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირებისთვის განსაზღვრულ ადგილებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოტრანსპორტის გაჩერებისთვის გამოყოფილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ  გაჩერებულ ავტომანქანას სპეციალურ სადგომზე გადაიყვანენ.

შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  შევიდა  და მათი მიზანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაა.