საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მედიის სამართლებრივის დაცვის ცენტრი ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოოდინატორის ნათია კაპანაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მესამე ნაწილში საუბარია კორუფციული ქონების დაყადაღების შესაძლებლობაზე. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს კორუფციული ქონების განმარტებას. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებებში არ ასაბუთებს, თუ რატომ არის „მაესტროს“ ქონება კორუფციული.
მისივე განცხადებით, „მაესტროს“ არ მიეცა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების საშუალება.
კაპანაძის თქმით, „მაესტრო“ არ არის სისხლის სამართლის საქმის მონაწილე მხარე და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ აქვს უფლება მიიღოს ან გაეცნოს საქმის მასალას. შესაბამისად, „მაესტროსთვის“ უცნობია, თუ რა მასალები დაედო საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
ნათია კაპანაძის განცხადებით, სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე ქონების დაყადაღება „მაესტროს“ საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს.
„ამასთან იქმნება „მაესტროს“ საკუთრების უფლების განგრძობადად დარღვევის საფრთხე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლის სამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტამდე, ხოლო გამოძიება 164-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით შესაძლოა, გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 6 წლისა, ეს კი ნიშნავს, რომ „მაესტროს“ კუთვნილი ქონება გამოძიების განმავლობაში ერთი წლით შეიძლება დაყადაღდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისი ინფორმაციით, 2012 წლის 20 ივნისს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაში არ არიან იდენტიფიცირებული ბრალდებული პირები, თუმცა ამ გამოძიების ფარგლებში უკვე დაედო ყადაღა ორი კომპანიის - შპს „გლობალ-ონსალტინგს“ და შპს „სტუდია მაესტროს“ ქონებას, სატელიტურ ანტენებს და სხვა ტექნიკურ მოწყობილობას.
„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „მაესტროს“, ისევე როგორც „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ, რაც ნიშნავს, რომ მათ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ. „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ადვოკატებს გამოძიებამ უკვე ოფიციალურად უთხრა უარი საქმის მასალების გადაცემაზე“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, სასამართლოს მიერ „მაესტროს“ ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან და უხეშად ილახება გამოხატვის თავისუფლება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მედიისა და წინასაარჩევნო გარემოს მდგომარეობაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აღნიშნულ დასკვნას დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნობენ.