დემურ გიორხელიძე: თურქები ცდილობენ ბათუმში რაც შეიძლება მაღალი ფასები იყოს, რომ ის თურქული კურორტებისთვის კონკურენტი არ გახდეს

დემურ გიორხელიძე: თურქები ცდილობენ ბათუმში რაც შეიძლება მაღალი ფასები იყოს, რომ ის თურქული კურორტებისთვის კონკურენტი არ გახდეს

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად  წლების განმავლობაში ტურიზმს ასახელებდა და 7 მილიონი ტურისტის შემოსვლაზე საუბრობდა. დღეს კი მივიღეთ ის სურათი, რომ ბათუმში, ქობულეთში, მესტიასა თუ სხვა საკურორტო ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც, რამდენიმე ვარსკვლავიანი სასტუმროები თითქმის მუდმივად ცარიელია, ხელისუფლება კი საოჯახო ტურიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს, რაც ეკონომიკურ გაჭირვებაში ჩავარდნილ საქართველოს მოსახლეობას მდგომარეობას გარკვეულწილად შეუმსუბუქებდა.  ვისთვის შენდება ძვირადღირებული სასტუმროები საქართველოში, რატომ აწყობთ თურქებს ცარიელი სასტუმროები ბათუმში და უნდა შეეწყოს თუ არა აგრარულ ტურიზმს ხელი? From.ge ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

-საქართველოში სასტუმროების ბიზნესის წარმოების უფლება მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პიროვენებებს და უცხოელ ინვესტორებს გააჩნიათ. რატომ არ დებენ ქართველები ფულს ამ საქმეში?

-საქართველოს მოსახლეობა შესანიშნავად გრძნობს, რომ ტურიზმზე აქცენტის გაკეთება არასწორია და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა გახლდათ პრიორიტეტად სწორედ ტურიზმის დასახელება. თუმცა, არა ეკონომიკური, არამედ სულ სხვა ტექნოლოგიების განვითარების მიხედვით. არაბუნებრივ სიტუაციებში, როდესაც ასეთი წინათგრძნობები არსებობს, ადამიანები არ დებენ ფულს საკუთარი ინიციატივებით. რაც შეეხება თემურ ჭყონიას, ის ხელისუფლებისგან ყოველთვის ხელშეწყობილი ბინზესმენი გახლდათ და რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. მისნაირებს არაფერი აწუხებთ, რადგან თავიანთი საქმე შესანიშნავად აქვთ აწყობილი.

-როდესაც საქართველოს ხელისუფლება სწორებას ევროპის ქვეყნების საკურორტო ქალაქებზე აკეთებს, იქ  სწორედ საოჯახო ტიპის სასტუმროების ბიზნესია განვითარებული. ჩვენთან ხელისუფლება  ამ ბიზნესის განვითარებას ხელს არ უწყობს, რატომ?

-საქართველოში  ადამიანებს არ სჯერათ და არც შეიძლება სჯეროდეთ იმის, რასაც ხელისუფლება ამბობს, თუნდაც 7 მილიონი ტურისტის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ეს კატასტროფული ციფრია. რა უნდა საქართველოში ამდენ ტურისტს, მათი მომსახურებისთვის ქვეყანა არ გახლავთ მზად . ინვესტორების და ხელისუფლებასთან ასოცირებული ხალხის სასტუმროებში ფასები კი არანორმალურია, იქ ხალხის ნაკადები ძალიან მცირეა, ისინი არსებობას წარმოუდგენელი ფასებით ცდილობენ. საქართველში საშუალო ფენა არ არის, ამის გარეშე კი ამ ფასების გადახდა შეუძლებელია. შეუძლებელია ვინმემ მოჰკიდოს ხელი საოჯახო სასტუმროების ბიზნესის განვითარებას დღეს, როდესაც რეალურად ამდენი ტურისტი საქართველში არ შემოდის.

-ვინ იღებს მოგებას ნახევრადცარიელი სასტუმროებისგან?

-ღირებულება, რომელიც უნდა გადაიხადო, თუნდაც ბათუმის სასტუმროებში, ჩვეულებრივი მოქლაქეებისთვის მიუწვდომელია. ძირითადად თურქები არიან, აგრეთვე ჩვენი კარგად გამდიდრებული ჩინოვნიკები, რომლებიც კორუფციის გარეშე“ შესანიშნავად ახერხებენ“ დღე-ღამეში ამ სასტუმროებში 300 და მეტი დოლარის გადახდას. ისინი შაბათ-კვირას არ იკლებენ ამ ძვირადღირებულ სასტუმროებს. ამ სასტუმროებში მომსახურებასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ ამ ფასით ხარჯებიც იფარება. თურქები ცდილობენ ბათუმში რაც შეიძლება მაღალი ფასები იყოს, რომ ის თურქული კურორტებისთვის კონკურენტი არ გახდეს და ეს ასეც არის. ისინი ამას მიზანმიმართულად ცდილობენ და ვერც იქნება თურქეთის კურორტების კონკურენტი იქნება, როდესაც ასეთი მაღალი და სულელური ფასებია ბათუმში და რომელიც ასე შორსაა რეალობიდან.

-თუ აქვს „ქართული ოცნებას“  ეკონომიკურ პროგრამაში საოჯახო ტიპის სასტუმროების ბიზნესისთვის ხელშეწყობა?

-ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი სექტორია, რომელიც კარგად უნდა იყოს გამოყენებული. არა ასეთი მასიური ფორმით, როგორიც ხელისუფლებას აქვს. საქართველოში არაჩვეულებრივი პირობებია საოჯახო, ე.წ აგრარული ტურიზმის განვითარებისთვის. მთავრობამ უნდა შეძლოს და ბევრ რაიონსა და სოფელში მცხოვრებ ადამიანებს ამ ბიზნესისადმი ინტერესი გაუჩინოს. ჩვენს პროგრამაში შედის  ტურისტული ტრადიციული ადგილების განვითარებაც. „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პროგრამაში  ყველაფერი ძალიან გონივრულადაა დალაგებული,  ყოველგვარი ატროფირებული წარმოდგენების გარეშე.