დავით ბაქრაძე: საარჩევნო სიების დაზუსტება  არჩევნების უკეთ ორგანიზებისთვის  წინ გადადგმული ნაბიჯია

დავით ბაქრაძე: საარჩევნო სიების დაზუსტება არჩევნების უკეთ ორგანიზებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას მოუწოდებს, მუშაობა გააგრძელონ ყველა პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რათა საარჩევნო სიებში ყველა შესწორება ასახული იყოს.

აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ  საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაციისას გააკეთა.

 „კომისიის მიერ გაწეული სამუშაო ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ნებისმიერ სპეკულაციას თუ რამდენად ზუსტია საარჩევნო სიები საქართველოში. ეს წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უკეთ ორგანიზებისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის  თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით კი, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი „კარდაკარის“ მონაცემები მხოლოდ კომისიის მუშაობის შედეგებს ასახავს, თუმცა საარჩევნო სია მხოლოდ  „კარდაკარით“ არ ფორმირდება.

კაციტაძე ამბობს,  რომ პარალელურად მიიღებს მონაცემებს სახელმწიფო უწყებებიდან,  რომელიც შეჯამდება და ეს  მონაცემები ცეესკოს ხვალ გადაეცემა.

კაციტაძე ასევე  ხვალ დაასახელებს,  თუ რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, თუმცა აღნიშნავს, რომ  ამ ეტაპისთვის,  დაზუსტებული მონაცემებით,  საქართველოში ორი მილიონ ას სამოცი ათას ექვსას რვა ამომრჩეველია.