საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია ამ წუთებში „ქორთიარდ მარიოტში“ იმართება. კომისიის თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ კარდაკარის პრინციპით 3 483 142 ამომრჩეველი შეამოწმა. მისი განმარტებით, შემოწმებისას გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 , შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან.
კაციტაძის თქმით, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი „კარდაკარის“ მონაცემები მხოლოდ კომისიის მუშაობის შედეგებს ასახავს.
როგორც ის აცხადებს, ალტერნატიული კარდაკარის ორგანიზატორებს კომისიისთვის არ მიუმართავთ და არც ერთი უზუსტობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
„კომისია სიების დაზუსტებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს. პირველ სექტემბრამდე კომისია სიების დაზუსტების მიზნით მოსახლეობის მიმართვებს შეისწავლის და გაითვალისწინებს. სრული სახით სია 15 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა კაციტაძემ.
სიების შედეგების პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.