„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ბანკის ყოფილი იძულებითი მმართველის, ვლადიმერ უგულავასა და დროებითი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ფინანსისტის ირაკლი ზარქუას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
ჯავახიშვილის თქმით, ამ მოთხოვნით ის დღეს პროკურატურას მიმართავს.
„შევეცდებით სისხლის სამართლის საქმე ვლადიმერ უგულავას და ირაკლი ზარქუას წინააღმდეგ აღვძრათ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, „ბანკი ქართუს“ ახლანდელმა ხელმძღვანელებმა იძულებითი მმართველის პირობებში, 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მილიონი დოლარის კრედიტებზე კონტრაქტების ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე გადაწყვეტილება 5 დღეში უნდა მიიღოს, რის შემდეგაც პროცესი ჩაინიშნება.
„სარჩელით ოთხ დეველოპერულ კომპანიასთან გაფორმებული დანაშაულებრივი კონტრაქტების ბათილად ცნობა მოვითხოვეთ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
„ქართუ ბანკის“ განცხადების მიხედვით, ბანკის დროებითი მმართველობის დროს, „ბანკი ქართუს“ სესხების გაცემის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები დაირღვა. აღნიშნულის მიუხედავად, „ბანკი ქართუ“ ვალდებულია, 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ დოლარის სესხი 31 ივლისამდე გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაირღვევა ლიკვიდობის კოეფიციენტი, რის გამოც შესაძლოა „ქართუ ბანკში“ ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს.