ალეკო შალამბერიძე: ყაჩაღებმა თავიანთი ყაჩაღური კანონებით, ქონება და საბანკო ანგარიშები დამიყადაღეს

ალეკო შალამბერიძე: ყაჩაღებმა თავიანთი ყაჩაღური კანონებით, ქონება და საბანკო ანგარიშები დამიყადაღეს

პარტიებისთვის დაუსაბუთებელი თანხების შეწირვის მოტივით,  16 პირს - პარტია „თავისუფალი საქართველოსა“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს   ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.

„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის ალეკო შალამბერიძის განცხადებით, მისი ქონება და ანგარიშები, რომელსაც ყადაღა დაედო, დაკისრებული ჯარიმის თანხას ვერ უზრუნველყოფს.

„ყაჩაღები არიან.  ფული შევიტანე პარტიაში და ამ ყაჩაღებმა თავიანთი ყაჩაღური კანონებით ხუთმაგი ოდენობით დამაჯარიმეს.  სასამართლო ნორმალურად  არც ჩატარებულა,  იმიტომ რომ სასამართლოც მათია,  არანაირი საშუალება არ მქონდა ჩემი შენატანი 8 000 ლარი დამესაბუთებინა  მიუხედავად იმისა,  რომ უამრავი დოკუმენტი წარვადგინე. ამ ჯარიმის  გადამხდელი არ ვარ, რომც მქონდეს არ გადავიხდი, რადგან  ხელისუფლებაში ყაჩაღთა ბანდაა მოვარდნილი.  ვიჭიდაოთ მაშინ და ვინ გაიმარჯვებს ვნახავთ“, - განაცხადა შალამბერიძემ.

პოლიტიკური პარტიებისთვის დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით 17 პირის წინააღმდეგ სამართალდარღვევათა ოქმებით აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩვიდმეტივე პირი გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა. ერთ-ერთი მათგანი, „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ბეჟან ოდიშვილია, რომელიც 25 000 ლარით დაჯარიმდა. გარდა ბეჟან ოდიშვილისა, დანარჩენმა 16-მა პირმა დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ბაციკაძეს დაეკისრა 135.750 ლარის გადახდა, ზაალ გოგსაძეს - 60 ათასი ლარის, გიგა ბუკიას - 77.250, გივი რამაზაშვილს - 80 ათასი ლარის, ბიძინა გუჯაბიძეს - 150 ათასი ლარის, კახა ჩაკვეტაძეს - 93.460 ლარის, ლევან ჩიჩუას - 24.987, ლევან ჩქარეულს - 20 ათასი ლარის, მარინა ნადირაძეს - 57.400 ლარი, ირმა დავითაძეს - 78.365, ავთანდილ დავითაძეს - 114.192, გიორგი მოსიაშვილს –-125.350, მაია თანიაშვილს - 24.986, ირაკლი ჭუბაბრიას – 79.145, ბეჟან ედიშერაშვილს - 25 ათასის, ბადრი ცინცქილაძეს - 40.100, ალექსანდრე შალამბერიძეს -  40.250.