საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მასთ ქერის“ პროექტის განხორციელებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„მე-9 - ე“ არხის დირექტორი კახა ბექაური მიიჩნევს, რომ საქართველოში „მასთ ქერის“ პრინციპი არ იმუშავებს და აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის „საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოადგინა“.
ბექაურის განცხადებით, საქართველოს საკაბელო ტრანზატორებისთვის ტელეკომპანიების თავიანთ პაკეტში ჩასმა სავალდებულო მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც მაუწყებელი მას სავალდებულო ტრანზიტისთვის ანუ პაკეტში ჩასმისთვის წერილით მიმართავს.
მისი თქმით, „ძაღლის თავი სწორედ აქაა დამარხული“ და განმარტავს, რომ აქ პრობლემა არა მიმართვაში არამედ, მიმღებშია.
„ჩვენ, „მე-9-ე“ არხი კი მივმართავთ საკაბელო ოპერატორს, ამაში პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის მიმღებში. გაურკვეველია, რამდენი საკაბელო ტრანზიტორი არსებობს საქართველოში. დღემდე არ გამოუქვეყნებია მარეგულირებელს მათი სრული სია. ისიც გაურკვეველია, როდესაც გამოაქვეყნებენ, ან ჩვენი ძალებით მოვიპოვებთ მათ სიას, რეგისტრებულ მისამართზე არის თუ არა დღეს ის ავტორიზებული პირი“, - განაცხადა ბექაურმა.
შესაბამისად, მისი თქმით, როდესაც ასეთი სიტუაციაა არაა დაზუსტებული ავტორიზებული პირების სია, მათი ლოკაციის ადგილი და კაცმა არ იცის, ამ რეგისტრაციის ადგილზე არის თუ არა, ესა თუ ის პირი, ეს ყველაფერი დროში გაიწელება.
„კითხვის ნიშნის ქვეშაა ადრესატამდე მივა, თუ არა ეს წერილი და მარეგულირებელი სწორედ, ამით ისარგებლებს. გასაგებია, რომ ავტორიზებული პირები ამ მიმართვებს არც მიიღებენ და რომც მიიღონ იტყვიან, რომ არ მიგვიღია. შემდეგ დაიწყება ამის გარკვევა მარეგულირებელთან და სასამართლოში და „მასთ ქერის“ პრინციპის მუშაობის დროც გავა“, - განაცხადა ბექაურმა.
ამასთან, „მე-9-ე“ არხის გენერალური დირექტორი კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.
კერძოდ, როგორც ბექაურმა განმარტა, როდესაც საკაბელო ტრანზიტორი ჩართავს საერთო მაუწყებელს თავის პაკეტში, საბოლოო ინტერესი არის ის, რომ ეს სიგნალი მივიდეს მომხმარებელთან. თუმცა კანონით არ ჩანს და ვერც მარეგულირებელი განმარტავს, რომ თუ საკაბელო ტრანზიტორი ჩართავს, მაგრამ არ იქნება გარანტირებული, რომ მისი ყველა აბონენტი იღებს ამ სატელევიზიო არხის სიგნალს, არსებობს თუ არა რაიმე მექანიზმი, რომელიც ამას გამოააშკარავებს და დაეკისრება თუ არა სანქცია ვინმეს.