30 ივლისს, 18:55 სთ-ზე პრეზიდენტის ესკორტის მანქანა რუისთან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ოპელ ასტრას ფირმის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ოპელ ასტრას მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ამავე ავტომანქანის 4 მგზავრი(მათ შორის 40 წლის ჯინა კარტოზია, 19 წლის მარიამ გვარამია, 9 წლის ანა სოსელია და 2 წლის ნიკო ქადარია) ქარელის სავაადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულები გორის სავაადმყოფოშიც მიიყვანეს. გორის სავაადმყოფოს მთელ პერიმეტრს ძალოვანები აკონტროლებდნენ. "ინფო9"-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც გორის სავაადმყოფოსთან იმყოფებოდა კადრების გადარების საშუალება არ მისცეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და კამერის წართმევა სცადეს.
მეორე მანქანა სად არის?-ამ შეკითხვით მიმართა შემთხვევის ადგილზე ავარიიდან ერთ საათში მისულმა „ინფო9“-მ იქ მყოფ სამართალდამცველებს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ახლომახლო ქარელის გამგეობის თანამშრომლები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ტრიალებდნენ, მაგრამ პასუხის გაცემა არავინ ისურვა. ქარელის სავაადმყოფოში გადაყვანილი „ოპელ ასტრას“ 4 მგზავრიდან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა განცხადება.
"ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-სენაკი - ლესელიძის 95 კილომეტრზე დღეს 18:55 სთ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხ. მე-5 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიეა.
გამოძიების ინფორმაციით. ავტომობილმა „ოპელ ასტრამ" სახელმწიფო ნომრით DRD - 837 გადაკვეთა ღერძულა ხაზი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს „შკოდა სკაუტს" SSP-043 შეეჯახა. „ოპელ ასტრას" მძღოლი ალექსანდრე გვარამია ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება რვა ადამიანმა მიიღო,"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ოპელ ასტრას“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 მგზავრს შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ქარელის სავაადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს თავს ქარელის გამგებელი და სხვა მაღალჩინოსნები დასტრიალებდნენ.