კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კახეთში სტიქიით დაზარალებულთა „კარდაკარის“ პირველი ეტაპი დასრულდა და მონიტორინგი უკვე მეორე ეტაპზე გადავიდა. კოალიციის წევრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ კოალიცია იწყებს სტატისტიკურად იმის აღწერას, სინამდვილეში რა ზარალი მიადგა მოსახლეობას.
„პირველ ეტაპზე ჩვენ ვიკვლევდით რა კატეგორიის ზარალზე შეიძლება ვილაპარაკოთ, სადღაც ფრინველია დახოცილი, სახლებია დაზიანებულია, ბაღებია განადგურებული, სატრანსპორტო საშუალებებია დაზიანებული. ახლა უკვე ვიწყებთ სტატისტიკურად იმის აღწერას, სინამდვილეში რა ზარალი მიადგა მოსახლეობას.
ჩვენ გვაქვს ფაქტები, რომლითაც შევძლებთ ხელისუფლება ცრუ დაპირებებსა და ტყუილში დავადანაშაულოთ. გვაქვს რამდენიმე ოჯახის ისტორია, სადაც საერთოდ არავინ მისულა, გვაქვს ფაქტები რამდენიმე ოჯახის შესახებ, სადაც მივიდნენ და უთხრეს რომ მოვალთ, მაგრამ დღემდე არ მისულან. ჩვენ გვაინტერესებს რამდენად მასშტაბური იქნება ხელისუფლების ტყუილი დაპირებები. ამ ადამიანებს ისევ ჩამოსდით წყალი გადაუხურავი სახურავებიდან და ისევ მშიერ-მწყურვალი არიან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ „კარდაკარის“ მეორე ეტაპს ორ კვირაში დავამთავრებთ“,-აცხადებს თინა ხიდაშელი.