კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის ზარალის აღსაწერად და მათ დასახმარებლად პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ მონიტორინგი დაიწყო. კოალიციის წევრები ვაჩნაძიანსა და შალაურის მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნნენ. დასეტყვილი ბაღ-ვენახები, დაზიანებული სახლები, ზარალით შეწუხებული მოსახლეობა- ასეთი სურათი დახვდათ კოალიციის წევრებს სოფლებში. მოსახლეობა აცხადებს, რომ ზარალის რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე ის კომპენსაცია, რომელსაც ხელისუფლება გასცემს.
„ქართული ოცნების „ ლიდერებმა ამ სოფლებში მცხოვრებთა პრობლემები აღწერეს, მოსახლეობას თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხული 80 მილიონი ლარი თითოეულ დაზარალებულთან მივიდეს.
ამ მიზნით შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც კარდაკარ სიარულის პრინციპით აღწერს მიდის თუ არა გადარიცხული თანხა დაზარალებულებთან.