უწყებათაშორისი კომისია კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ გაკეთებულ განცხადებას პოლიციის თანამშრომლის შმაგი ურატაძის ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაციის შესახებ, გამოეხმაურა.
თამარ კინწურაშვილის თქმით, ჩიპის გადმოცემის შემთხვევაში, კომისია მასალას შეისწავლის. რაც შეეხება, კოალიციის მოთხოვნას შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო ამ ფაქტის შესასწავლად, კინწურაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების შესწავლა და მათზე რეაგირების ფორმა მათი პრეროგატივაა.
„იმედი გვაქვს, რომ კოალიცია მოგვაწვდის შესაბამის მასალებს და მხოლოდ ამ მასალების შესწავლის შემდეგ, გახდება შესაძლებელი შევაფასოთ, თუ რასთან გავქვს საქმე. რა ფორმით მოახდენს კომისია რეაგირებას მასალებზე, ეს ჩემი ინდივიდუალურად გადასაწყვეტი არაა. უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს, თუ კოალიციის მიზანია რეაგირება მოახდინოს პოტენციურ დარღვევაზე და გამოასწორონ კანონდარღვევა ამისათვის პირველ რიგში, მათ მასალები უნდა მოგვაწოდონ“, - განაცხადა კინწურაშვილმა.