დავით გაგუას კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ, გარდაცვლილი 30 წლის ქალბატონის საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სააგენტოსთვის საჩივრით ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა, სააგენტო აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და საქმეს დეტალურად შეისწავლის.
„შედეგების წინასწარ განსაზღვრა რთულია. აღნიშნულ ფაქტს შევისწავლით და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. შედეგებზე ღონისძიებები შესაბამისად გატარდება“, - აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.
შეგახსენებთ, გაგუას სახელობის კლინიკაში 30 წლის ქალბატონი საკეისრო კვეთის შემდეგ წარმოქმნილი გართულებებით გარდაიცვალა.
ის საკეისრო კვეთიდან რამდენიმე დღეში კლინიკიდან სახლში გაწერეს, რის შემდეგაც თავბრუსხვევები დაეწყო და ტემპერატურამ აუწია. აღნიშნული ნიშნების გამო პაციენტმა სტაციონარს ხელმეორედ მიმართა.
მას საკეისრო ჭრილობის გამო ორგანიზმის მწვავე სეფსისი დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევის დროს კი, სეპტიკური შოკის შედეგად გული გაუჩერდა და მედიკოსებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.