სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელმა კალაძეს,    დაყადაღებული ანგარიშების    გასაჩივრების უფლება  ჩამოართვა

სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელმა კალაძეს, დაყადაღებული ანგარიშების გასაჩივრების უფლება ჩამოართვა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლის, ნიკოლოზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, კოალიციის წევრს კახი კალაძეს საბანკო ანგარიშებისთვის ყადაღის დადების შესახებ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება არ მიეცა.

თადუმაძის განმარტებით, როგორც მარგველაშვილი იუწყება იმის გამო, რომ კალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და იგი საქმეში ბრალდებულის სტატუსით არ ფიგურირებს, მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვს.

„ჩვენ საჩივრით მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, დღეს კი მივიღე პირველი ინსტანციის სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კახი კალაძე ბრალდებული არ არის, ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ეს გამომიგზავნა საქალაქო სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელმა ნიკოლოზ მარგველაშვილმა და თქვა რომ რახან იგი არაა მხარე არ აქვს უფლება გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა თადუმაძემ.

ადვოკატი ნიკოლოზ მარგველაშვილის ქმედებას დანაშაულებრივს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მან საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა გადაწყვეტილება  სასამართლოს მაგივრად მიიღო.

მისივე თქმით, კალაძე ამჯერად საბანკო ანგარიშებისთვის ყადაღის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

„რადგან ამ საქმეში კალაძე მხარე არ არის, შესაბამისად, არც მის საბანკო ანგარიშებს უნდა ედოს ყადაღა. გარდა ამისა, მივმართავ ზემდგომ ორგანოებს იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელს ადამიანისთვის გასაჩივრების ჩამორთმევის უფლება“, - განაცხადა  თადუმაძემ.

შეგახსენებთ,  პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშები თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 26 ივლისს დააყადაღა. ადვოკატმა შალვა თადუმაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

პროკურატურამ კალაძის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, კახი კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო დროს ფულის საეჭვო დარიცხვა-გადინების ფაქტები დაფიქსირდა.