სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ აქცია გამართა, სადაც ბოლო პერიოდში აღნიშნული უწყების მიერ მიღებული „უკანონო“ გადაწყვეტილებები გააპროტესტა.
აქციას სახელწოდებით „ბოქლომი ყველაფერს“ თეატრალიზებული სახე ჰქონდა, სადაც აქტივისტებმა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიიტანეს.
აქციის ერთ ერთი ორგანიზატორის, შოთა ძაგნიძის განცხადებით, ეს ნივთები გამოსახლებული ადამიანების სიმბოლოა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ცოტნე ზურაბიანის თქმით, კი დღევანდელი აქციის ერთ ერთი მიზანი სხვა უკანონობებთან ერთად კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შემწირველების დაჯარიმების გაპროტესტებაა.
„მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას სურთ, ყველაფერს ბოქლომი დაადონ, ყველაფერი დააყადაღონ და ხალხი ქუჩაში დატოვონ. ხელისუფლება ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკურ პარტიათა სასარგებლოდ შემოწირულობა განახორციელა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს - შეწყვიტონ ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომელთაც სურთ, „ქართულ ოცნებას“ დაეხმარონ“ - განაცხადა ზურაბიანმა
მისივე თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი და ხელისუფლება მსგავსი ტიპის უკანონობებით „შორს ვერ წავლენ“ და ხალხი მათ პასუხს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს.