გადაწყვეტილება მიღებულია სამი არბიტრის მიერ ერთხმად. მათ შორის, მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის ვერ განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, „ანაკლიის პორტის საქმესთან“ დაკავშირებით ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ანაკლიის პროექტს“ დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟი მოჰყვა თითქოს მისი განხორციელება ხელისუფლების ბრალეულობით ვერ მოხერხდა. სამი არბიტრაჟის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კი ამ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.
„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟი იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თითქოს ეს პროექტი ვერ განხორციელდა ხელისუფლების ბრალეულობით. საუბარი იყო დასავლური ინვესტიციების ხელშეშლაზე. ყველა ამ ბრალდებას ჯერ ერთი წლის წინ პასუხი გასცა პარიზის არბიტრაჟმა.
დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა; ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ არაერთხელ გადავადებოდათ თავიანთი ვალდებულებების შესრულების პერიოდი, თუმცა მათ მხოლოდ საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლეს პროექტის განხორციელება.
განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებულია იმ ასპექტზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განსაკუთრებით აქტიურად აპელირებდნენ ხოლმე – საუბარი იმათ წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე. ვაშინგტონის არბიტრაჟმა ამ საკითხზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა: რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ჩაიდენს დანაშაულს, მას ექნება რაიმე დაცვა იმის გამო, რომ ის რაიმე პროექტთან თუ რომელიმე პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული.
ასევე ყურადსაღებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია სამი არბიტრის მიერ ერთხმად. მათ შორის, მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის ვერ განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს.
ალბათ, უკვე უნდა დასრულდეს სპეკულაციები, თითქოს ამერიკულ თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი, რადგან დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის პორტის საქმეზე“ დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათ საქართველოს 6.5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ