სოზარ სუბარი: გიორგი ნატროშვილის სასამართლო პროცესი ქურდულად, ჩუმად ჩაატარეს

სოზარ სუბარი: გიორგი ნატროშვილის სასამართლო პროცესი ქურდულად, ჩუმად ჩაატარეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ნატროშვილის მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც 30 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს უკანონოს უწოდებს.

სუბარის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობდა ნატროშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა და 239 მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წაეყენებინათ, რაც მისივე განმარტებით, 1 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, თუმცა აღნიშნავს, რომ  ეს იმდენად აბსურდული ბრალდება იყო, რომ  იძულებულნი გახდნენ  მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებინათ.

„30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც უკანონოა იმიტომ,  რომ სინამდვილეში, გიორგი ნატროშვილის წინააღმდეგ,  პოლიტიკური ნიშნით დევნა განხორციელდა. ნატროშვილთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ უკვე სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, რადგან უკანონოდ მიგვაჩნია ნატროშვილის დაკავებაც და ის ფაქტიც, რომ სხდომის შესახებ არ შეგვატყობინეს. ზოგადად, არ შეიძლება  ასე ჩუმად სასამართლოების ჩატარება. მართალია, ეს  ადმინისტრაციული სასამართლო იყო,  მაგრამ  ნატროშვილს ჰქონდა უფლება პროცესს, მისი ადვოკატი დასწრებოდა“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ნატროშვილის სასამართლო პროცესი ქურდულად, ჩუმად ჩაატარეს, რაც კიდევ ერთი დადასრტურება იმისა, რომ მათ სიმართლის თქმის და მეორე მხარის მოსმენის ეშინიათ.

სუბარი აცხადებს, რომ ისინი გამგეობის წევრ მარინე ჩითილაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტზე ინფორმაციას კოალიცია  ყველა შესაბამის უწყებას გადაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ კახეთის სოფელ ვაჩნაძეანის მკვიდრი, „ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ნატროშვილი 22 ივლისს დააკავეს.

„2012 წლის 22 ივლისს შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი ნატროშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით. გიორგი ნატროშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარინე ჩითინაშვილს. აღნიშნულ ინცინდენტს  ასევე  შეესწრო ქუჩაზე მაცხოვრებელი მოსახლეობაც. საქმეს კახეთის სამხარეო  მთავარი  სამმართველო იძიებს“, - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.